ფორმულას ინფორმაციით, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან გადააყენეს.
ნიჟარაძეს უფლებამოსილება სამეურვეო საბჭომ შეუჩერა. ფორმულას ორგანიზაციის ბორდის თავმდჯომარემ, თამარ სართანიამ განუცხადა, რომ ნიჟარაძე დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. სართანიას თქმით, მეტ დეტალზე ის ხვალ, 25 დეკემბერს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს:
"არ ვიცი ვინ გითხრათ, რომ ეს ბორდის გადაწყვეტილებაა, მაგრამ დანარჩენი შემიძლია, დაგიდასტუროთ. დანარჩენ დეტალებზე ხვალ ბრიფინგზე ვისაუბროთ", - ამბობს სართანია.
ასევე, ფორმულას ინფორმაციით, თავად ნიჟარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა ორგანიზაციის ხმაურიანი გადაწყვეტილება - 11 დეკემბერს მათ 31 ოქტომბრის სადავო არჩევნების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.
ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი მონაცემების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაზე ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებისთვის გადაეხედათ.
სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ შეცდომა პროგრამაში არასწორმა ფორმულამ გამოიწვია.
ამ ფონზე, მმართველი გუნდი ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობს და აცხადებს, რომ სწორი არც ISFED-ის სხვა მონაცემები იქნება - სამართლიანი არჩევნები 1-ლი ნოემბრიდან ამტკიცებს, რომ დისბალანსი უბნების 8%-ში გამოვლინდა. ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ მონაცემზე გავლენა, მათ შორის, არც პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებასა და შეცვლას მოუხდენია.
ოპოზიციის წარმომადგენლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები არაფერს ცვლის არჩევნების გაყალბების მტკიცებაში, რადგან ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს მოსყიდვას, დაშინებას, ე.წ. კარუსელებსა და ხმების ჩაყრას.