ფორმულამ 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეში ბრალდებულების ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა.
დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯის მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებმა ბრალი სასამართლო პროცესზეც და თავიანთ ჩვენებებშიც აღიარეს.
მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა ჩვენებაში წერს, რომ მან იცოდა იძულებითი ქორწინების შესახებ და ინფორმირებული იყო იმაზეც, რომ ფაქტის შეუტყობინებლობა დასჯადი იყო, თუმცა პოლიციას მაინც არ მიმართა.
"წარდგენილ ბრალდებაში თავს ვცნობ სრულად დამნაშავედ, მიუხედავად იმისა რომ მე ვიცოდი არასრულწლოვანის აითაჯ შახმაროვას იძულებით ქორწინების ფაქტის შეუტყობინებლობა იყო კანონდარღვევა და დასჯადი, მე არ მიმიმართავს პოლიციისთვის. ვინაიდან, ალი სადიგოვი, რომელმაც აითაჯ შახმაროვა მოიტაცა და ცოლად შერთვის მიზნით ჩემთან სახლში მოიყვანა, არის ჩემი ძმისშვილი"- წერს კაცი ჩვენებაში.
საკუთარ ჩვენებაში დედისა და ბიძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს მოკლული გოგოს ბებიაც. ის აღნიშნავს, რომ აითაჯისთვის დედას არ უკითხავს, გათხოვება უნდოდა თუ არა და მიიჩნევდა, რომ ე.წ "ქმართან" "ფინანსურად უზრუნველყოფილი" იქნებოდა.
"უნდოდა თუ არა გათხოვება, აითაჯისთვის დედამისს არაფერი უკითხავს. როცა ალიმ ასლანოვმა ის სოფელში წაიყვანა, აითაჯმა იმავე დღეს უცნობი პირის ტელეფონიდან დაურეკა და თქვა, რომ გამოქცეული იყო. იმავე დღეს ჩემი ქალიშვილი ძმებთან ერთად კახეთში წავიდა. გადაწყვიტეს, რომ აითაჯი დარჩენილიყო ცოლის სტატუსით. მისი სახლში დაბრუნება კი ოჯახის სირცხვილი იქნებოდა. აიტაჯს დარჩენა არ უნოდა, ის ჩემი შვილების ზემოქმედების ქვეშ იყო, რადგან მათი აზრით ბავშვი ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებოდა"- წერს მოკლული გოგოს ბებია.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.
გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული - აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა და მკვლელობაში ბრალდებული კაცის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.