პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნინო კოტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის, ედუარდ მარიკაშვილისა და ენმ-ის წევრის, თინა ბოკუჩავას კადრი გადაიღო, შემდეგ კი ფოტო იმ გვერდმა გამოაქვეყნა, რომელიც წლებია, დეზინფორმაციული და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისა თუ ჯგუფების რეპუტაციის შელახვას ცდილობს.
კოტარია განმარტავს, რომ მან კადრები ატვირთა დახურულ 100-კაციან ჯგუფში, თუმცა, შემდეგ ვინ გაავრცელა, არ იცის. ჯგუფის წევრები კი, რომელშიც კოტარიამ კადრები ჩააგდო, ჩვენი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პიარსამსახურის თანამშრომლები და ე.წ. ტროლების სამსახურის ხელმძღვანელები არიან. „ფორმულას“ ინფორმაციითვე, ტროლების ოფისი ტაბიძის პირველ ნომერში მდებარეობს. ამ მისამართიდან ოპოზიციის, მესამე სექტორისა და მედიის რეპუტაციის შემლახველი ათობით გვერდი იმართება.
ბოლო წლების განმავლობაში ტროლების აქტიურობას მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების სურვილს უკავშირებს „ფორმულას" ციფრული და სოციალური მედიის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე. დიასამიძის თქმით, თავდასხმის ძირითადი ობიექტები სწორედ ის ადამიანები და მედიასაშუალებები არიან, რომლებიც ხელისუფლებას სხვადასხვა მიმართულებით დისკომფორტს უქმნიან.
ფაქტს უწყების მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია, მესამე სექტორი კი ვარაუდობს, რომ მსგავსი შემთხვევები 2020 წლის არჩევნებამდე კიდევ უფრო გახშირდება.