logo
ENG



ფორმულას ექსკლუზივი - შაქარაშვილის გარდაცვალების ახალი დეტალები

01 ივლ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

"ფორმულამ" მოიპოვა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამდე გადაღებული ბოლო ვიდეო, სადაც მასთან ერთად, მისივე მეგობრებიც ჩანან. 

ისინი მცხეთიდან ლისზე გადანაცვლებას გეგმავენ. ტრაგედია, სავარაუდოდ, ამ კადრებიდან რამდენიმე წუთში იწყება.

"ფორმულას" მიერ მოპოვებული ვიდეო მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ 112-ში შესული ზარის შემდეგ, ტერიტორიაზე, ნახევარსაათიანი შუალედით, სულ ორი ავტომობილი ჩნდება. მათგან ერთერთია სწორედ „შკოდას“ მარკის , სადაც პოლიციელები სხედან.  ეკიპაჟი არაგვის ხიდთან მას შემდეგ მიდის, რაც ახალგაზრდებს შორის დევნის, ურთიერთგარჩევის და სავარაუდო ანგარიშწორების ეტაპი დასრულებულია და ბრალდებულებს ტერიტორია დატოვებული აქვთ. ამ კადრში ჩანს, რომ მძღოლი მანქანაში მგზავრს ისვამს და თბილისისკენ მიდის. 

10 ტომიანი საქმის შესწავლა ფორმულას გადაცემა „პოლიტმეტრმა" დაიწყო, რომელიც პირველ ეთერს 3 ივლისს სწორედ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის ექსკლუზიური დეტალებით გახსნის. 

„პოლიტმეტრი" შიფრავს საქმეში არსებულ ათობით ვიდეო მტკიცებულებას, ძირითადად უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს. სჟურნალისტურ გამოძიებას და საქმის ექსკლუზიურ დეტალებს „ფორმულას“ მაყურებელი პარასკევს, 3 ივლისს, სწორედ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ნახავს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მეგობარია.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან არცერთი ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები აცხადებენ, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.



 


close დახურვა