„ფორმულასთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლი ბათუმსკის და რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა. თუ გომელაური თურქეთის ციხიდან საქართველოში ლავასოღლი ბათუმსკის არ ჩამოიყვანს, ოჯახი აქციებით და ციხის ბუნტით დაიმუქრა. ხმაურიანი აქცია ბათუმში უკვე დაიწყო.
„ფორმულას“ კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ოჯახმა მთავრობას საკუთარი პირობები წაუყენა. მათ შორის პერმანენტული აქციები და საჭიროების შემთხვევაში ბუნტი ციხეში.
ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრა დღეს მინდია გორაძის დამ უარყო. ადვოკატმა კი გვითხრა , რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქრონიკა პლუსის რედაქტორი, ელისო კილაძე ამბობს, რომ კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში ყოფნა მთავრობას არჩევნებისთვის სჭირდება. ექსტრადირების პროცესს კი თურქეთის ხელისუფლება აყოვნებს, რადგან ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოდან თურქეთში ერთხელ უკვე უპრობლემოდ მოხვდა.
მინდია გორაძის ახლობლების ინფორმაციით, თურქეთში მორიგი სასამართლო პროცესი 4 ივნისს უნდა გაიმართოს. ოჯახის მოთხოვნებს დღეს ოფიციალური უწყებებიდან არ გამოხმაურებიან.
ლავასოღლი თურქეთში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ის საქართველოს ხელისუფლებამ და სასამართლომ საპატიმრო აღკვეთი ღონისძიებიდან გაათავისუფლა და საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა. მინდია გორაძე საქართველოში 2016 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ კი, 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრალდებული ლავასოღლი გაუშვეს და ის თურქეთში სარფიდან გადავიდა. 2018 წელს საქართველოში წაყენებული ბრალი დაუმტკიცდა და დაუსწრებლად გაასამართლეს.