logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტ სალომე ჩადუნელზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

02 ოქტ 202113:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/02/q76fm0s8eyghsqq.png

ფორმულას ჟურნალისტ სალომე ჩადუნელზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

ფორმულას ჟურნალისტს ზუგდიდში ერთერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი პირი ელექტროშოკით დაემუქრა. 

პირი, რომელიც ამბობდა, რომ მისი სახელი და გვარი დავით ქირიაა, ამტკიცებდა, რომ ის ყოფილი სპორტსმენია. მან ჟურნალისტებს საარჩევნო უბნის მიმდებარედ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. სალომე ჩადუნელის ცნობით, მან ტვ პირველის ოპერატორს ბოთლიც ესროლა. 

"ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით, კადრებს ვიღებდით. გადაღების დროს ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც, მაგრამ ელექტროშოკი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. მე თავად დავინახე ელექტროშოკი და დენის წყარო. მან თქვა, რომ არის სპორტსმენი დავით ქირია". - თქვა ჩადუნელმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა