logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით გამოკითხეს

16 სექ 202112:33
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე პროკურატურაში სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით გამოკითხეს

ნადიბაიძემ უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოძიების კითხვები ეხებოდა იმას, თუ რა ვითარებაში გაეცნო ის გავრცელებულ ჩანაწერებს და ფაილების რა ნაწილთან ჰქონდა შეხება.

"აინტერესებდათ, რა ვითარებაში გავეცანი ამ მასალებს. რა ნაწილს ვიცნობ მასალების, ასევე, ჩემს მიერ მომზადებული რეპორტაჟების რაოდენობა აინტერესებდათ და შინაარსი. ვადასტურებ, რომ იძებნება ჩემი გვარი ამ ფაილებში. არის კომუნიკაცია ჩემს პროდიუსერთან, რესპონდენტებთან, მათ შორის სასულიერო პირებთან. დავადასტურე გამოკითხვის დროს, რომ აღვიდგინე და გავიხსენე სატელეფონო საუბრები", - თქვა ნადიბაიძემ.

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა