ფორმულას წყარო ბრიუსელიდან ამბობს, რომ ევროპარლამენტი, მომდევნო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც აქცენტი საქართველოში პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე იქნება.
ფორმულას ექსკლუზივი დაადასტურა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა. ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციის იდენტურად მანაც თქვა, რომ მომდევნო კვირას ევროპარლამენტის დეპუტატები შეიკრიბებიან და მიიღებენ რეზოლუციას, სადაც კრიტიკის საგანი იქნება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხები.
დოკუმენტში აქცენტი გაკეთდება 5 ივლისის მოვლენებზე, ასევე მედიის თავისუფლების კუთხით გაუარესებულ მდგომარეობაზე. მათ შორის იმაზე, რომ სამართლის სახელით ქართული ოცნების ხელისუფლება მედიამენეჯერებს პოლიტიკური მიზნით დევნის.
მარინა კალიურანდმა ისიც დაადასტურა, რომ საქართველო ტრიოს ქვეყნებიდან [უკრაინა, მოლდოვა, საქარტველო] იქნება ერთადერთი, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მიღებას ევროპარლამენტის მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე დაელოდება. უკრაინასა და მოლდოვას კი სტატუსის მიღებაში ზურგს სწორედ ევროპარლამენტის მხარდამჭერი რეზოლუცია უმაგრებს.
ევროკომისიამ დასკვნა იმის შესახებ იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.