გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატებმა პრემიერს შეკითხვები დაუსვეს.
კითხვა-პასუხის დროს, ტრადიციულად, საკანონმდებლო ორგანოში გაჟღერდა ისეთი ფრაზები, მათ შორის ოპონენტებისა და თანაპარტიელების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, დიდხანს გვემახსოვრება.
შევკრიბეთ ყველა ტოპ ფრაზა, რომელიც დიდხანს არ დაგვავიწყდება
მოდით, დავიწყოთ პრემიერით. გახარიამ დეპუტატები ახალი სიტყვის ცოდნით გააოცა. და, თქვენ იცით, რას ნიშნავს?
„ნახეთ, როგორი სიტყვა ვისწავლე - სეროპრევალენტური კვლევა."
სიტყვაზე დაჭერა და პასუხების გაცემა რომ უყვარს გიორგი გახარიას, ეს ახალი ამბავი არ არის:
„კეკლუცობის გამო, თქვენ სვამთ შეკითხვებს - უშინაარსოს, რომლის უკანაცარაფერი არ არის", - ასე უპასუხა პრემიერმა ლევან კობერიძეს.
ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია თავისებურად შეაქო:
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელს მოგებული აქვს 7:0 და მწვრთნელს აკრიტიკებენ”
მმართველ პარტიაში თანაგუნდელების დაცვა და მათთვის მადლობის გადახდა გამოცდილი პრაქტიკაა. ამასთან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არც სიტყვა „გოიმს“ ივიწყებს:
„ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა."
ირაკლი კობახიძეს არც მიხეილ ჩხენკელი დავიწყებია:
„ვერ დავიძინებ, რომ არ ვთქვა... განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინსტროს, განათლების მინისტრს."
მორიგი საინტერესო ფრაზის ავტორი თეა წულუკიანია:
„როდესაც მე მხედავს, ბოკერიას ემართება ბნედა."
ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა გიგა ბოკერიას საპასუხოდ გააკეთა. აქვე, გიგა ბოკერიას რეპლიკასაც გთავაზობთ:
„პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი."
დიმიტრი ხუნდაძესაც არ დავიწყებია მადლობის გადახდა:
„მე არ მერიდება და პირდაპირ ვუხდი პრემიერ-მინისტრს მადლობას."
ოპონენტების განცხადებებმა მამუკა მდინარაძე ცოტა ააღელვა:
„შუბლის ძარღვი ხომ არსებობს?!"
გუნდური ქება არ დასრულებულა. უმრავლესობის წევრმა, შალვა კიკნაველიძემ პრემიერი არაერთი საქებარი სიტყვით შეამკო:
„კარგ მენეჯერთან ერთად კარგი „ინფექციონისტი“ ხართ პოლიტიკური მიმართულებით."
სერგო რატიანმა პრემიერს უთხრა, რომ სახელმწიფომ საშემოსავლო გადასახადი ბიზნესსა და მოქალაქეებს უნდა დაუტოვოს, რაზეც გახარიამ უპასუხა:
„ბატონო სერგო, სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ?!"
აქვე, კიდევ რამდენიმე რეპლიკა, რაც პრემიერმა ოპოზიციისთვის გაიმეტა:
„რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ?!
გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ კაცო!
რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია…
უამრავი ადგილია საქართველოში, რომელიც მეც, თქვენც და უამრავ ადამიანს არ უნახავს და უნდა დავირაზმოთ სუყველა.”
გიორგი გახარიას პასუხი ბოკერიას კითხვაზე, მოხსნის თუ არა წულუკიანს თანამდებობიდან სამარცხვინო განცხადებისთვის:
„დავაწინაურებ!”
ტოპ ფრაზებს, ირმა ინაშვილის განცხადებით დავასრულებთ:
„სიყვარული აკლია ქვეყანას, სითბო აკლია ქვეყანას და რაც მთავარია, სამართლიანობა აკლია ქვეყანას."