ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის.
ანტიკორუფციული სააგენტო იქნება ორგანო, რომელიც შეისწავლის კორუფციის შესაძლო ფაქტებს. კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
კანონპროექტი ფრაქციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან კონსულტაციით შეიმუშავა.
"ქვეყანაში ქართული ოცნების პირობებში ნეპოტიზმი და კორუფცია მძლავრად არის ფესვებგადგმული. ეს არის სენი, რომელიც ქვეყნის წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში, ხელს უშლის დრამატულად ინვესტიციის შემოდინებას ქვეყანაში, ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივით შევდივართ.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, დეპუტატებს, ყოფილ დეპუტატებს, ასევე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ კანონპროექტის ფორმირებაში და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს". - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ფრაქცია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა იმ საქმეს, "რომელიც თაროზეა შემოდებული".
"მინდა აქვე გითხრათ, რომ ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, რომელიც ამოიღებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის გაჩერებული, თაროზე შემოდებული და საზოგადოებას მისცემს ძალიან მკაფიო პასუხს, თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს, რა სქემები მუშაობს საქართველოში, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. ველოდებით პარლამენტში ოპოზიციური პარტიის შემოსვლას და ეს იქნება ბრძოლა, რომელსაც მივიყვანთ გამარჯვებამდე". - თქვა ხაზარაძემ.