logo
ENG



ფრიდი: EU-ს არ სჭირდება მეორე უნგრეთი - საქართველო თავად ისუსტებს თავს ევროპასთან გაუცხოებით

31 ოქტ 202300:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/30/i65a7khtbqayzhg.jpg

ამერიკელი დიპლომატისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლის, დენიელ ფრიდის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს, რომ საქართველო რუსეთის დომინირების სფეროში დატოვოს თუ სჯერა ქვეყნის ევროპული მომავლის. ამ თემაზე ფრიდმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ქართველებისთვის, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს მას, რომ საქართველო რუსეთის დომინირების სფეროში დატოვოს თუ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს ორი ერთმანეთთან შეუსაბამო რამაა" - აცხადებს ფრიდი.

ფრიდი აცხადებს, რომ საქართველო ფსონს "არასწორ ცხენზე" დებს, ხოლო ევროკავშირი არ მიიღებს წევრად ისეთ ქვეყანას, რომელიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

"ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი... საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს...

ევროკავშირში გაწევრიანება ხუმრობა არაა. ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია, სადაც ორბანი პუტინსა და პეკინს ემეგობრება. ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი და ისინი არ მიიღებენ ამას. ამავე გზით აღარ წავლენ"- ამბობს ფრიდი.

მისი აზრით, ქართული ოცნების ზოგიერთი ნაბიჯი გამოიყურება თითქმის ისე, რომ ის "განზრახ ისახავს მიზნად საქართველოს დასუსტებას ევროპელი პარტნიორების გაუცხოებით".

"მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს თავს არც ევროკავშირი დასხმია და არც შეერთებული შტატები და არ წაურთმევია მისი ტერიტორია, ეს პუტინის რუსეთი იყო. ჩემთვის მისტიკურია ის, თუ რას აკეთებს ქართული ოცნება და საქართველოს მთავრობა", - ამბობს ფრიდი.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ "საქართველოსთვის ძნელი იქნება ერთდროულად ევროპული მომავლის კანდიდატიც იყოს და კრემლისადმი განსაკუთრებით მეგობრულიც".

"საქართველო თავად ისუსტებს თავს ევროპასთან გაუცხოებით. გგონიათ პუტინი დააჯილდოებს ქვეყანას, რომელიც მის მიმართ დაქვემდებარებულ პოზიციაშია? გგონიათ ესაა რუსების გზა? ისინი ამ დაქვემდებარებას, მორჩილებას ჩათვლიან მეტის წართმევის ლიცენზიად. ქართველებს ამის ასახსნელად ამერიკელი არ სჭირდებათ. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა განზრახვა აქვს რუსეთს და როგორ მოახდენს ის მათი ქმედებების ინტერპრეტაციას"- ამბობს ფრიდი.


close დახურვა