თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს მეილს უგზავნის და მოუწოდებს, შეწყდეს მოწოდებები, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის შეჩერებისკენ.
მეილში კონსერვატორიის ადმინისტრაცია თავის მოწოდებას იმით განმარტავს, რომ "განსხვავებული პოზიციების მქონე პროფესორ-მასწავლებლებს უნდა მიეცეთ თავიანთი უფლება-მოვალეობების შესრულების საშუალება თავისუფლად და დამოუკიდებლად".
"მოგესალმებით, პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო და სტუდენტებო, კონსერვატორიის ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებს თვალს შიდა საერთო ელექტრონულ ფოსტაზე უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ მოწოდებებს მანიფესტებისა თუ გაფიცვების შესახებ.
კონსერვატორიის ადმინისტრაცია ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ ყველას აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ყველა ადამიანის განსხვავებული აზრი უნდა იყოს დაცული. ზემოხსენებულ მიმოწერებში, რამდენიმე სტუდენტისა და პედაგოგის მხრიდან პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება აქტიური მოწოდებები სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე.
ამავე მიმოწერებიდან ნათლად ჩანს, რომ მიმართვებში გაჟღერებულ მოწოდებებს ადრესატების ნაწილი ეთანხმება და იზიარებს, ნაწილი არ იზიარებს, ნაწილი კი არ აფიქსირებს წერილობით მოსაზრებას.
ადმინისტრაცია მოგიწოდებთ ყველას, შეწყდეს ისეთი მოწოდებები, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის შეწყვეტის/შეჩერებისკენ, რათა იმ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, მიეცეთ თავიანთი უფლება-მოვალეობების შესრულების საშუალება თავისუფლად და დამოუკიდებლად.
პატივისცემით, ადმინისტრაცია"- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში.
***
საქართველოს მასშტაბით სტუდენტური გაფიცვა დაიწყო - რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩებში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები გამოვივიდნენ. გაფიცვის და პროტესტის დაწყების შესახებ პირველი განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 11 მაისს გააკეთეს. მათ თქვეს, რომ ორშაბათიდან [13 მაისი] უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. ამასთან, თსუ-ის სტუდენტებმა მათ ლექტორებს გაფიცვისკენ, ხოლო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ამავე დღეს, განცხადება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც ისინი თსუ-ის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებდნენ და გაფიცვაში უერთდებოდნენ.
სტუდენტურ გაფიცვას 12 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი იქამდე იქნებიან გაფიცულები, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.
გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც 12 მაისს შეუერთდნენ. "ვიქნებით ყველგან თქვენს შორის თეთრი ხალათებითა და სუფთა ხელებით, ქართული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე!, - ამბობენ თსსუ-ის სტუდენტები.
გაფიცვას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ - 12 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი ამბობენ, რომ "სტუდენტების მასობრივი პროტესტი გარდამტეხ როლს ითამაშებს მიმდინარე პროცესებში".
გარდა ამისა, გაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარი თქვეს.
განცხადება გაფიცვის შესახებ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმაც გაავრცელა. მათი თქმით, სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.
13 მაისს, გაფიცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ.
გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. მათ განცხადებაში წერია, რომ "უერთდებიან ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ტოვებენ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. "გამჭვირვალობის კანონს" უკან არ გაიწვევს".
გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, აქციებზე დასწრებას გააგრძელებენ მანამ, სანამ რუსული კანონს არ გაიწვევენ.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
გაფიცვას შეუერთდნენ ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების, რომლებმაც საპროტესტო აქციას მოაწყეს.