კომპანია "ფრონტერა" საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციასა და ანტიამერიკულ ქცევაში ადანაშაულებს.
ამერიკული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ კომპანიის „ყოფილი თანამშრომლებისთვის" ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მედიით განაცხადა, რაც "ფრონტერას" თქმით, წინასაარჩევნოდ ქულების ჩაწერას ემსახურება.
"ფრონტერაში" განმარტავენ, რომ ხელისუფლება ამერიკულ კომპანიასთან პირდაპირი თანამშრომლობის ნაცვლად მედიით კომუნიკაციას ამჯობინებს. წერილში 2008 წლის აგვისტოს ომზე და ამ პერიოდში განხორციელებულ ინვესტიციებზეც არის საუბარი.
ეს განცხადება "ფრონტერამ" 6 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრის საპასუხოდ გააკეთა. ნათია თურნავამ თქვა, რომ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს დაეხმარებოდა. როგორც თავად "ფრონტერა" აცხადებს, ამ განცხადებაში ამერიკული კომპანიის თანამშრომლებიც იგულისხმებოდნენ.
ვაშინგტონის უმწვავესი კრიტიკისა და სანქციების დაანონსების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ამერიკულ "ფრონტერას" საქმიანობის ნებართვა 2027 წლამდე გაუხანგრძლივა. კონტრაქტს ვადა 27 ივლისს გასდიოდა.
შეგახსენებთ, 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა საწვავის მომპოვებელ ამერიკულ კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს" კონტრაქტს აღარ გაუუქმებს. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით მიიღეს.