logo
ENG



ფრონტერას დირექტორი ნათია თურნავას შანტაჟსა და დაშინებაში ადანაშაულებს

24 ივნ 202020:30
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკული ენერგოკომპანია „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს მათი ბიზნესისა და თანამშრომლების შევიწროება, სათაო ოფისის მოწოდებაში კომპანია სიცრუეს უწოდებს ეკონომიკის მინისტრის იმ განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც ამერიკის პირდაპირი ინვესტიციები ქვეყანაში გაიზარდა. 

„ფრონტერას“ დირექტორის ზაზა მამულაშვილის განცხადებით, საქართველოში ამერიკული ბიზნესს მიზანმიმართულად ავიწროებენ, როდესაც რუსულ კომპანიებს სასათბურე პირობებს უქმნიან და მეტ ტენდერს აგებინებენ. კომპანიამ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ზაზა მამულაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრის შერბილებული ტონი ამერიკელი კონგრესმენების წერილებს უკავშირდება, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების კიდევ ერთხელ მოტყუებას ცდილობს. 

ეკონომიკის სამინისტრომ „ფრონტერასთან“ თანამშრომლობის მზაობა 2 დღის წინ გამოთქვა, მიუხედავდ ამისა, ჯერ კომპანიას არავინ დაკავშირებია და შეხვედრა არ ჩანიშნულა. „ფრონტერას“ წარმომადგენლობის ბრალდებებზე ეკონომიკის სამინისტრო არ პასუხობს. ხელისუფლების სახელით, განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. 

კომპანია „ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავა სახელმწიფოს 30 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, სახელმწიფო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვდა, რაც არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა. დავა აპრილში დასრულდა, დეტალებს მხარეები არ ასაჯაროებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სამინისტრომ უკან ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკის ფონზე დაიხია.

ხელისუფლება ბოლო 1 წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კომპანია „ფრონტერასთან“ კომპრომისზე არ წავიდოდა. ტონი ეკონომიკის სამინისტრომ უწყებაში ამერიკის ელჩის ვიზიტის შემდეგ შეიცვალა. რა უთხრა კელი დეგნანმა მინისტრს უცნობია, თუმცა, ელჩის უწყებიდან წასვლის ეკონომიკის სამინსიტროს პრესსამსახურმა ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი მინისტრის განცხადებები გაავრცელა. ეკონომიკის სამინისტრო „ფრონტერას“ დაპირდა,რომ მუშაობის გასაგრძელებლად პირობებს შეუქმნის.


close დახურვა