უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი, ეხმაურება აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებას და ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს აშშ-ის კონგრესი ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხის 15%-ის შეჩერებას აპირებს.
ვოლსკის მტკიცებით, შეერთებული შტატების ინიციატივაში შეზღუდვებზე საუბარი არ არის და პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე "მუშაობენ":
„რაც შეეხება კონგრესის კანონპროექტს. ოპოზიცია აღიქვამს ამას გამარჯვებად, ეს არის სიცრუე. როცა ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ როგორმე NATO-სთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ჩვენ ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შემცირდეს.
ფრონტერას ხელწერაც იგრძნობა. ფორნტერასა და საქართველოს კორპორაციას შორის დავა სტოქჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ ფრონტერა ამ შემთხვევაში მართალი არ არის და რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებზეც შეზღუდვაზე საუბარი არ არის. მითუმეტეს 'ოპეკი', სახელმწიფო დაწესებულება, საკმაოდ სერიოზულ მრავალმილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინვესტიცია ახლა მიმდინარეობს“,-აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს შეაჩეროს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციასთან ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას ოპოზიციშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მომხდარი ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობის ბრალია.