თეთრი სახლის პრესმდივანმა ოფიციალურ მედია ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკამ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან წნეხის ნაწილად რუსული ელიტის და მათი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება შეიმუშავა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
საქმე ეხება, როგორც კრემლის შიდა წრეს, ასევე მათთან დაახლოებულ ინდივიდებს, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებებში მონაწილეობს. ფსაკის თქმით, ამ სანქციების ფარგლებში დიდი ზიანი იმ ადამიანებს მიაგდებათ, ვისაც ფინანსური კავშირები აქვს ევროპასთან.
„მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ შევიმუშავეთ სანქციების სპეციალური პაკეტი, როგორც რუსული ელიტისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ეს ძალისხმევა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით ხორციელდება.
ის ინდივიდები, ვისი იდენტიფიკაციაც ჩვენ მოვახერხეთ კრემლის შიდა წრეში არიან ან მათთან დაახლოებულები არიან. ისინი სახელმწიფოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ, ან მინიმუმ მონაწილეობენ კრემლის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში. ამ ინდივიდებიდან ბევრი განსაკუთრებით მოწყვლადი სამიზნეა, დასავლეთთან მათი ღრმა და ფინანსური კავშირების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ამ სანქციებით ზიანი მიადგებათ დასავლური ფინანსური სისტემებისგან“ - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ მრავალმხრივი სანქციებისა და ეკონომიკური ზიანის, რაც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მიადგება.
ასევე გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება.
ბაიდენის თქმით, სხდომაზე აშშ-მა დეტალურად წარადგინა სრული ხასიათი იმ საფრთხისა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთისგან ემუქრება.
რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.
26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს.
რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, პასუხის მომზადებისას მოკავშირეებმა მათი პოზიციებიც გაითვალისწინეს.
გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან.
რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს.