logo
ENG



ფუკუიამა: ამ მოცემულობით, საქართველოსთვის ერთადერთი რეალური იმედი არჩევნების მოგებაა

29 აპრ 202318:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/29/aikkpf774agkc5q.jpg

ამერიკელმა პოლიტოლოგი, ფრენსის ფუკუიამა აცხადებს, რომ საქართველოში გაუმჭვირვალე მმართველობის სისტემაა - კონკრეტული ოლიგარქი აკონტროლებს მმართველ პარტიას, მაგრამ "თავიდან იცილებს მთავრობის მართვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს", ეს კი დემოკრატიული მიზნების საპირისპიროა.

გადაცემაში გლობალური პოლიტიკა პოლიტოლოგმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ივანიშვილის გავლენებსა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა.

"ეს ძალიან საინტერესო და უცნაური სისტემაა, იმიტომ რომ ძალიან გაუმჭვირვალეა. ჩემი აზრით, არის ერთი კონკრეტული ოლიგარქი, რომელიც აკონტროლებს მმართველ პარტიას და თავიდან იცილებს მთავრობის მართვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს. ეს დემოკრატიის მიზნის საპირისპიროა, რადგან, ნიშნავს, რომ ხალხს არ აქვს რეალური კონტროლი, მათ არ ჰყავთ გამჭვირვალე მთავრობა, რომელიც მათ ნებას ახორციელებს" - განაცხადა ფუკუიამამ.

მისი თქმით, საქართველოს ახლა არჩევნების იმედი შეუძლია ჰქონდეს. ფუკუიამამ ასევე აღნიშნა, რომ სისუსტეები ოპოზიციაშიც არის, "ის არაა გაერთიანებული" და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, "არ არის კარგად წარმოჩენილი".

"ამ მოცემულობით ერთადერთი რეალური იმედი არჩევნების მოგებაა. ჩვენ ვხედავთ სისუსტეებს ოპოზიციაშიც, რომელიც არ არის გაერთიანებული. მიუხედავად იმისა, რომ არის დიდი უმრავლესობა ადამიანებისა, ვინც ირჩევს ევროკავშირის მიმართულებას, ხალხის ეს სურვილი კარგად არ არის წარმოჩენილი და არის უამრავი მანიპულაცია მმართველი პარტიის მხრიდან მედიაში. ჩემი აზრით, წინსვლის გზა ნიშნავს მხარდაჭერის პოვნას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში და მცდელობების კოორდინაციას, მოიგოთ შემდეგი არჩევნები" - განაცხადა ფრენსის ფუკუიამამ.

პოლიტოლოგმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, "არ არის სამართლიანი, დაისაჯოს საქართველო მთავრობის ცუდი საქციელის გამო, რომელიც ქართველი ხალხის ნებას".

ფრენსის ფუკუიამას აზრით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საქართველოსთვის უარის თქმა მხოლოდ ივანიშვილს აწყობს და სანქციები მას უნდა დაუწესდეს და არა საქართველოს.

"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მათთვის უარის თქმა ისაა, რაც ბატონ ივანიშვილს აწყობს, ამიტომ, ჩემი აზრით უნდა გაგრძელდეს სანქცირების გზა, განსაკუთრებით შეერთებული შტატების მხრიდან, სანქციები პირადად მის [ივანიშვილის] წინააღმდეგ და არა საქართველოს წინააღმდეგ" - განაცხადა ფუკუიამამ.

მისი თქმით, აშშ-მ რუს ოლიგარქებთან ერთად სანქციები უნდა დაუწესოს იმ პირებსაც, ვინც "რეგიონში რუსეთის მიმართ სიმპათიებს გამოხატავენ ამ რეალური კრიზისის დროს". ფუკუიამას აზრით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

 

close დახურვა