logo
ENG



ფხენიანში ამტკიცებენ, რომ ამერიკელმა ჯარისკაცმა საზღვარი თავშესაფრის მოსაძებნად გადაკვეთა

16 აგვ 202310:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/16/te9h39knm4iwnz4.jpg

ფხენიანი ამტკიცებს, რომ ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ტრევის კინგმა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი თავშესაფრის მოსაძებნად გადაკვეთა. როგორც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია იუწყება, ტრევის კინგი აშშ-ის არმიაში "დისკრიმინაციას უჩივის".

23 წლის ამერიკელმა რიგითმა საზღვარი სამხრეთ კორეის მხრიდან 18 ივლისს გადაკვეთა. ფხენიანი ამტკიცებს, რომ კინგმა საზღვრის კვეთა აღიარა.

ვაშინგტონში განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ ფხენიანის მტკიცების გადამოწმება, რაც სამხედრო მოსამსახურის დაკავების შემდეგ პირველი ოფიციალური კომენტარია. ამასთან, იზრდება შეშფოთება ამერიკელი ჯარისკაცის კეთილდღეობასთან დაკავშირებით. დაკავების შემდეგ ის არავის უნახავს.

აშშ ცდილობს, რომ ტრევის კინგი გაეროს სარდლობის დახმარებით გაათავისუფლოს, რომელიც სასაზღვრო ზონას მართავს და პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია აქვს ჩრდილოეთ კორეის არმიასთან.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგნეტო KCNA-მა არ გაავრცელა იმის შესახებ ინფორმაცია, იქნება თუ არა ტრევის კინგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან რაიმე სახის სასჯელი. გარდა ამისა, უცნობია რიგითის ადგილსამყოფელი.

"მან ასევე გამოხატა მზადყოფნა, რომ თავშესაფარი მოძებნოს ჩრდილოეთ კორეაში ან მესამე ქვეყანაში და თქვა, რომ იმედგაცრუებული იყო უთანასწორო ამერიკული საზოგადოების გამო", - განაცხადეს სახელმწიფო მედიაში. 

რიგითი კინგი დაზვერვის სპეციალისტია, რომელიც არმიაში 2021 წლიდან მსახურობს და სამხრეთ კორეაში როტაციის ფარგლებში იმყოფებოდა. საზღვრის გადაკვეთამდე სამხრეთ კორეაში იგი თავდასხმის ბრალდებით ორი თვე იყო დაპატიმრებული და 10 ივლისს გაათავისუფლეს.

კინგი აშშ-ში უნდა დაბრუნებულიყო და დისციპლინური სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, მაგრამ მან აეროპორტი დატოვა და დემილიტარიზებული ზონისკენ ტურს შეუერთდა, სწორედ ამ დროს გადაკვეთა მან საზღვარი. დემილიტარიზებული ზონა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ყოფს, ერთ-ერთი ყველაზე დაცული ზონაა მსოფლიოში.


close დახურვა