ქაბულის აეროპორტში, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაცია საერთაშორისო მედიას თვითმხილველებმა მიაწოდეს.
ავღანელები ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ძალაუფლება თალიბებმა აიღეს.
თუმცა, უცნობია, აეროპორტში ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით დაიხოცნენ თუ ჭყლეტის დროს.
თვითმხილველები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მათ ცხედრები ნახეს.
მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთზე სრული კონტროლი დაამყარა, ავღანელები ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ.
ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია.
გაირკვა, რომ ქვეყანაში საქართველოს 22 მოქალაქეც იმყოფება. მათ ჩამოსაყვანად საქართველო თვითმფრინავს გზავნის.
თალიბანმა ავღნეთში ძალაუფლება საბოლოოდ გუშინ, 15 აგვისტოს აიღო.
ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ლეგიტიმური ხელისუფლება მათ უბრძოლველად დანებდა და ძალაუფლება გადააბარა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთში გაემგზავრა.
ავღანეთის დედაქალაქში თალიბანი სწორედ 15 აგვისტოს შევიდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.