ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე, "ყველაზე დიდ, უანგარო ქველმოქმედზე საქართველოში მიმდინარეობს ზეწოლა".
ქადაგიშვილი ოცნების სხვა წევრების მსგავსად ამბობს, რომ "შანტაჟის ენით მიღებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ უნდა".
"ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ხდება, ჩემი ღრმა რწმენით, ფუნდამენტური უფლებების და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების შელახვა, როდესაც ფაქტებზე არ დაყრდნობით და პირიქით, ფაქტების მანიპულაციით ხდება გარკვეული რეზოლუციის გატანა ევროპარლამენტში... რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიწებებას ამ საკითხზე - ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანზე, რომელიც არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, უანგარო თან საქართველოში, რომელიც, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკური რეფორმების ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო ყველა დროს, თავისი შესაძლებლობებით, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ადამიანი დღეს არ არის პოლიტიკაში და ამ ადამიანისგან, უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ ითხოვენ ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ის ომში იყოს ჩართული, ამიტომ ხდება ამ რეზოლუციაში მისი ჩართვა და თან ფაქტობრივი სანქციების დაწესება, რაც Credit Suisse-სგან კეთდება.
იცით რა არის, როდესაც გეუბნებიან შანტაჟის ენით, რომ თქვენ ამ უკანონობაში თუ არ გამოგყვებით, მაშინ არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ეგეთი დამოკიდებულება არ გვინდა ევროკავშირისგან. ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირი, სადაც სამართალი, ღირსება და დემოკრატიული ფასეულობები არის წინ და სადაც წინ არ არის შანტაჟი და პოლიტიკური ტერორის გზით მიღწეული რეზოლუციების ქვეშ მყოფი ქვეყნები. ეს არის ჩვენი მიზანი და ესეთი ევროკავშირი გვინდა, რეალურ შეფასებებზე დამყარებული ევროკავშირი", - ამბობს ქადაგიშვილი.
15 თებერვალს ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამ ტექსტს მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტში შევიდა შესწორებაც, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ოლიგარქი და ხაზგასმულია მისი ფუნდამენტური როლი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში. მათი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა არის "ივანიშვილის პირადი ვენდეტის ნაწილი".
ევროპარლამენტარები საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებენ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. შესწორებას მხარი 362-მა დეპუტატმა დაუჭირა.