logo
ENG



ქალებისადმი თალიბანის მოპყრობა, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად ჩაითვალოს - UN

26 ნოე 202220:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/26/6subaw8z41lrnii.jpg
Ali Khara / REUTERS

გაეროს ექსპერტების თქმით, თალიბანის მხრიდან ავღანი ქალებისა და გოგოებისადმი მოპყრობა, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ავღანეთის საკითხებზე რიჩარდ ბენეტმა და 9 სხვა ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა განაცხადა, რომ თალიბანის მხრიდან ქალებისა და გოგოებისადმი მოპყრობა, მათ შორის მათთვის განათლების შეზღუდვა და საჯარო სივრცეებზე, როგორიცაა პარკები და სავარჯიშო დარბაზები წვდომის შეზღუდვა, რომის წესდების მიხედვით, შესაძლოა გენდერული ნიშნით დევნად ჩაითვალოს.

გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ქალების გამოკეტვა სახლში „დატყვევების ტოლფასია“ და მათი აზრით ეს, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის და შედეგად მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ზრდის საფრთხეებს ზრდის.

„ბოლო თვეებში, ქალებისა და გოგოების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევები ავღანეთში, რაც უკვე ყველაზე მწვავე და მიუღებელია მსოფლიოში, მკვეთრად გაიზარდა. მაშინ როცა გოგოებს კვლავ არ აქვთ წვდომა საშუალო განათლებაზე, ქალებს დამატებით შეუწყვიტეს ისეთ საჯარო ადგილებზე წვდომა, როგორიცაა პარკები და სავარჯიშო დარბაზები და სულ მცირე ერთ რეგიონში ახალგაზრდა ქალებს ახლახან შეუზღუდეს უნივერსიტეტში სწავლა. ქალებისთვის პარკებზე წვდომის აკრძალვა ასევე უზღუდავს ბავშვებს დასვენებისა და ვარჯიშის შესაძლებლობას და მათ უფლებას, ჩაერთონ თამაშებსა და რეკრეაციულ აქტივობებში. ქალებისთვის [სივრცის] საკუთარ სახლამდე შეზღუდვა დატყვევების ტოლფასია და სავარაუდოა, რომ ოჯახური ძალადობისა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების ზრდას მოიტანს“ - წერია გაეროს ექსპერტების განცხადებაში.

პასუხად თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბდულ კაჰარ ბალკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები უტოლდება ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

„ამჟამად უდანაშაულო ავღანების კოლექტიური დასჯა გაეროს სანქციების რეჟიმის მიერ ქალთა და თანასწორობის უფლებების სახელით, უტოლდება ომის დანაშაულებს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს“ - განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 2021 წლის აგვისტოში დაამყარა. მათი თქმით, ქალთა უფლებებს ისლამური კანონის მათეული ინტერპრეტაციის შესაბამისად იცავენ.

დასავლური სახელმწიფოები კი აცხადებენ, რომ თალიბანმა ქალთა უფლებები უნდა დაიცვას და მიღებული გადაწყვეტილებები შეცვალოს, მათ შორის მისცეს გოგოებს სკოლის განათლების უფლება.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერის თქმით, თალიბანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საჯარო გაროზგვის პრაქტიკა ავღანეთში.

 

close დახურვა