ქალზე ძალადობასა და მუქარის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა და მომღერალმა კახა აბუაშვილმა (კაბუმ) საპატიმრო დატოვა. მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურა კაბუს გირაოს ნაცვლად გათავისუფლებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
კახა აბუაშვილს ბრალი ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის აქვს წარდგენილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, მანქანით გადაადგილებისას კაბუმ მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ხელი რამდენჯერმე გაარტყა. ამის შედეგად ქალმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო.
გარდა ამისა, კაბუ დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.
ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ კაბუმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს.
კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.