ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის საკრებულო უნდა დაითხოვოს და დაინიშნოს თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები.
გუშინ, 3 დეკემბერს ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბა, ოპოზიციამ დატოვა.
მმართველი პარტიის დეპუტატების რაოდენობა კვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც სხდომა ჩაიშალა. შესაბამისად, ვერ იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შემდეგ სხდომებსაც არ დაესწრებიან, რათა კვორუმი ვერ შედგეს.
ბათუმის საკრებულოში ახლა 17 მანდატი ქართულ ოცნებას აქვს, 17 კი - ოპოზიციას. მათ შორის 2 - გიორგი გახარიას პარტიის წევრია. საკრებულოს წევრი, ენმ-ის დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ბათუმში პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია, ხოლო ვინაიდან თვითმმართველობა ვერ ხორციელდება, პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილმა უნდა აიღოს.
"ვინაიდან ამ ქალაქში თვითმმართველობა ვერ ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა აამოქმედოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თ ქვეპუნქტი, რომლითაც მან უნდა დაითხოვოს ბათუმის საკრებულო და გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები.
თვითმმართველობის კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტი დაითხოვს საკრებულოს, ავტომატურად წყდება მერის უფლებამოსილება. შესაბამისად, ამ ქალაქში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გასაღები პრეზიდენტის ჯიბეშია. აქ განვითარებულ ყველა პოლიტიკურ პროცესზე პასუხისმგებელი არის საქართველოს პრეზიდენტი". - თქვა მირდატ ქამადაძემ.
ბათუმის გარდა, კრიზისია კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, სადაც ქართულ ოცნებას უმრავლესობა არ აქვს - 3 დეკემბრის სხდომებზე თავმჯდომარე ვერ აირჩიეს ზუგდიდში, ჩხოროწყუში, სენაკსა და წალენჯიხში.