logo
ENG



ქარელი: სასაცილოა ეს ყველაფერი, მგონი, გამომძიებლებსაც არ სჯერათ ამ აბსურდულობის

12 ოქტ 202318:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/12/41cbpy01k6p22sp.jpg

ე.წ. ტრენინგების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე ფორმულას ფოტოგრაფის, ვახო ქარელის გამოკითხვა დასრულდა.

გამოძიების კითხვებს ამ ფორმატში უკვე უპასუხა გიგა ბექაურმა, ის კანვასის ტრენინგის ორგანიზატორებს მონაწილეების შერჩევაში ეხმარებოდა. გარდა ამისა, სუს-ში დაიბარეს ტრენინგის მონაწილე არტისტი ნატალია ვაწაძეც.

ვახო ქარელს მიაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრენინგების სრული ჩანაწერები უნდა გამოაქვეყნოს. მისივე თქმით, გამოძიება "აბსურდულია".

"სასაცილოა ეს ყველაფერი და თვითონ გამომძიებლებსაც, მე მგონი, არ სჯერათ იმ ყველაფრის აბსურდულობის, რა კითხვებსაც სვამენ. კარგი იქნება, თუ სუს გამოაქვეყნებს სრულ ჩანაწერს იმ შეხვედრებისა, რომელიც აქვს და, როგორც აღმოჩნდა აქვს, რადგან სხვადასხვა დღიდან იყო ამოგლეჯილი ეს მონაკვეთები. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რამდენად აბსურდულია ის, რაზეც მიდის გამოძიება და რაზეც თქვენ დროს კარგავთ", - განაცხადა ქარელმა.

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. 

"გადატრიალების" შესახებ პროპაგანდისტულ და დაუსაბუთებელ საქმეზე მორიგ განცხადებაში სუს ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს. 

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

"კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ", - ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.


close დახურვა