ავტორიტეტული და სანდო კვლევა, რომლის მიგნებებიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებების ახსნაცაა და პოლიტიკური დიაგნოზიც. "ფორმულას" დაკვეთით "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა, მმართველ პარტიასა და ჯამში ოპოზიციის რეიტინგს შორის თითქმის 20 პროცენტიანი სხვაობაა, პოლიტიკური ლიდერების რეიტინგშიც ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" უგებს და მოწონებაზე გაცილებით მაღალია ბიძინა ივანიშვილის ნეგატიური შეფასება. ამერიკული გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, როგორც ჩანს, მისი შედეგების გამო, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის საფუძველი გახდა ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნებისთვის".
კერძო დამოუკიდებელი მედია „ოცნების" მხრიდან თავდასხმის ობიექტი ამჯერად „ედისონ რისერჩის" კვლევის გამო გახდა. მართველ გუნდს შედეგები არ მოეწონა, რომლის მიხედვითაც კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - „ქართულ ოცნებას" გამოკითხული მოსახლეობის 26 პროცენტი ასახელებს; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილზეა - 18 პროცენტით; გამოკითხული მოსახლეობის 6 პროცენტი კი „ევროპული საქართველოს მხარდამჭერია. „ქართულ ოცნებას" ამ შედეგის დაჯერება არ სურს.
მმართველ გუნდს, როგორც წინასწარ მოსალოდნელი იყო, მხოლოდ საკუთარი კვლევების სჯერა. გამონაკლისი არც კახი კალაძეა, რომელსაც არც ოპოზიციური პარტიების რეიტინგის სჯერა, და არც იმის, რომ პოპულარობით მმართველი გუნდის ყველა ლიდერს უსწრებს, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ლიდერების შეფასების ნაწილში პირველ ათეულშიც ვერ მოხვდა. გამოკითხულთა ყველაზე მეტი - 56 პროცენტი პოზიტიურად დავით ბაქრაძეს აფასებს, 50 პროცენტი კახი კალაძეს თუმცა დედაქალაქის მერის შემთხვევაში ნეგატიური შეფასებაც 50 პროცენტია. ივანიშვილს კი ნეგატიურად 61 პროცენტი აფასებს
"ედისონ რისერჩის" ეს კვლევა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან გამოკითხვა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებიდან რამდენიმე დღეში ჩაატარა. გამოკითხული მოსახლეობის 87 პროცენტი ისევ პროპორციულ არჩევნებს ემხრობა. ამ შედეგის მიუხედავდ მაჟორიტარები, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს, იმეორებენ რომ ხალხს პროპორციული არჩევნები არ სურს.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, აქაც "ქართული ოცნება" ნეგატიურად გამოკითხულთა უმრავლესობა 62 პროცენტი აფასებს, ნაციონალურ მოძრაობას პოზიტიურად 41 პროცენტი უყურებს, ლეიბორისტებს 40, ევროპულ საქართველოს 37. ოპოზიცია ამბობს, რომ კვლევა მოსახლეობის განწყობას ასახავს.
გავლენიანმა ამერიკულმა ორგანიზაციამ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე პერიოდში ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 2 ათასი მოქალაქე გამოკითხვა. ცდომილება 2.2 პროცენტია. გამოკითხულთა 77 პროცენტი ამბობს რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება . არსებული ინფორმაციით, „ოცნებამ" საზოგადოების განწყობები თვითონაც შეისწავლა - შედეგი იდენტური მიიღო; საკონსტიტუციო ცვლილებებიც სწორედ ამიტომ ჩააგდო.