ქართული ოცნების წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თუ ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდება, ის ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებს აპირებს.
მისი თქმით, გარდა ამისა, მელია გეგმავს, მართლმსაჯულებას დაემალოს.
"ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება, პროკურატურა კი ვალდებულია, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბრალდებული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე წარადგინოს.
ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მათი საჯარო გამოსვლებითაც დასტურდება, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს", - თქვა სუბარმა.
მისივე თქმით, "ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურ ოპოზიციას იმდენად უარგუმენტო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ დასახმარებლად კვლავაც გავრილოვის და რუსეთის ფაქტორის გამოყენება სცადეს და როგორც ყოველთვის, მათ რუსეთიდან მიიღეს ეს დახმარება".
"ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას, რაშიც როგორც ყოველთვის მათ ეხმარება რუსეთი და ეს, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი აღიარებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა", - ამბობს სუბარი.
მისივე განცხადებით, "ოპოზიციის პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან".
"საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართლადამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება", - თქვა სუბარმა.