logo
ENG



ქართული ოცნება ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის

26 ოქტ 202215:38
3 წუთის საკითხავი
 
ქართული ოცნება ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის
საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნება ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის.

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, "ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ამ გეგმის მე-4 პუნქტის შესასრულებლად, მმართველი გუნდი აინიცირებს ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.

მისი განცხადებით, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.

"ამ მიზნით, აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს", - თქვა ოხანაშვილმა.


close დახურვა