ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველო ხვალ წარადგენს.
კობახიძის თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდნენ, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გააკეთოს.
ის აცხადებს, რომ მთავრობა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან ერთად განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს და ის ევროკავშირის სტრუქტურებს წარედგინებათ ხვალ.
„საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.
საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ევროკავშირის სტრუქტურებს მოუწოდა, საგანგებო რეჟიმში განიხილონ მათი განაცხადი და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
***
გუშინ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აქციაზე სამი მოთხოვნა წამოაყენა - გადადგეს მთავრობა, დაიკეტოს ცა რუსეთთან და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გაკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. ქართული ოცნების ხელისუფლებამ ასევე ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, რომელთაც საომარ მოქმედებებში ჩართვა სურდათ.
ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის აღშფოთება მოჰყვა ქართული ოცნების მიერ უკრაინისთვის მკაფიო მხარდაჭერის არგამოცხადებას და ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში ინდივიდუალურად წასვლის ხელშეშლას.
სწორედ ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც, რომელმაც საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად მოხალისეების ომში წასვლას ხელს არ უშლიან NATO-ს წევრი ქვეყნებიც, რომლებიც საომარ მოქმედებებში ჩართულნი არ არიან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ამორალური უწოდა ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს ხელი შეეშალათ მოხალისეებისთვის.