logo
ENG



ქართული ოცნება ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის მოუსხნის, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

13 თებ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მდინარაძემ დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ნიკა მელიამ ან ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება".

"ჩვენ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი.

აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ - დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს. მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ გუშინ მიმართა.

რაც შეეხება თავად მელიას, ის აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. 

 


close დახურვა