logo
ENG



ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს პარლამენტში ხვალ წარადგენს

10 მარ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია 30 მაჟორიტარული მანდატისთვის მთელი საქართველოს ოლქებად დაყოფაზე უნდა შეთანხმდეს.

მმართველმა გუნდმა საკუთარი მოდელი დაასახელა, რომლის შესწავლის შემდეგაც, ოპონენტებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ოლქებს ხელისუფლება არა პროპორციების, არამედ პოლიტიკური მოტივაციით შლის ან აერთიანებს. ისინი „ოცნებას“ მოუწოდებენ, მაქსიმალურად დაიცვას შეთანხმება და ოლქები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გაანაწილოს, რომელიც თანაბრობის პრინციპის დაცვას გულისხმობს. 

მმართველი გუნდის ინიციატივის მიხედვით, განაწილება ასე გამოიყურება: 7 საარჩევნო ოლქი თბილისში, 3-3 - აჭარაში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში, 4 - იმერეთში, ხოლო 2-2 ოლქი შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. თითო-თითო წარმომადგენელი იქნება გურიიდან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიდან და მცხეთა-მთიანეთდიან.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს „ქართული ოცნება“ პარლამენტში ხვალ წარადგენს. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ შემუშავებულ კანონპროექტში ოლქები ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით, თანაბრად დაიყოფა.

ოლქების განაწილების საკუთარ ვერსიას მოამზადებს ოპოზიციაც. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მცდელობას, ეს საარჩევნო ცვლილებები მოირგოს, წინააღმდეგობას გაუწევენ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებმაც 14 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ისინი არ მალავენ, რომ მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილები არ არიან, თუმცა, ამბობენ, რომ პროექტს მხარს დაუჭერენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხვალ დარეგისტრირდება. საარჩევნო ოლქების განაწილების გარდა კანონპროექტში ასახული უნდა იყოს შეთანხმების სხვა ასპექტებიც, მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 40 %-იანი ჩამკეტი და პარტიებისთვის დადგენილი 1 %-იანი ბარიერი. 


close დახურვა