logo
ENG



ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს

16 ნოე 202214:12
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს. ქართული ოცნების გუნდმა შეცვალა მიდგომა, რომელიც ამ ფუნქციას პარლამენტს აკისრებდა. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ.ი ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება. 

როგორც ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, აღნიშნული ცვლილება განხორციელდა იმისათვის, რომ უკრაინულ კანონთან სრულ თანხვედრაში ყოფილიყო.

"გადათარგმნილია სიტყვა-სიტყვით, მითითებულია საბჭო უკრაინულ კანონში, რომელიც საქართველოში არ არსებობს. ამ ერთი ფრაზის გამო, ვიღაცას რომ არ ეთქვა, რომ ამ ერთი ფრაზის გამო უკრაინულ კანონთან ბოლომდე შესაბამისობაში არაა, ანუ იქ აღმასრულებელი ფუნქციაა და აქ საპარლამენტო რატომ გახადეთ, აი, ამის გამო კიდევ უფრო მივუახლოვეთ [უკრაინულ კანონს]. სხვა სიტყვა-სიტყვით თარგმანია, მაგრამ ეს საბჭო, რომელიც მითითებულია რეესტრის განმსაზღვრელად, ჩვენთან არაა ფიზიკურად, რაღაცა ხომ უნდა ჩაგვეწერა. ამიტომ არარელევანტური გამოდიოდა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებით ქართულმა ოცნებამ პროექტი კიდევ უფრო გაუარესა. "ახლა აიღეს და კიდევ უფრო გაუარესეს ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტთან შექმნილიყო ნეიტრალური კომისია, რომელიც დამტკიცდებოდა პარლამენტის მიერ დიდი კვორუმით, 100 ხმით, ოპოზიციის თანამონაწილეობით, აიღეს და გადასცეს პირდაპირ ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ხმა, გაბედავს და ივანიშვილს ჩაწერს ოლიგარქთა რეესტრში?", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

15 ნოემბერს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი. კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა ცვლილების შეტანა პროექტში, რომლის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი მთავრობა იქნება.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას ევროპელი პარტნიორები პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.


close დახურვა