ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D) უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ევროპარლამენტს სურს, საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიოს. გარდა ამისა, ალიანსი ღარიბაშვილის განცხადებას, "ტყუილსა და დამაზიანებელს" უწოდებს.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ S&D-ის მიმართვის შესაბამისად, სტრასბურგში დღეს საქართველოში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.
"ვგმობთ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შეცდომაში შემყვან განცხადებას ევროპარლამენტის შესახებ. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მიმართ ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირონ. აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა წამოიწყო და ჩვენს ერთიანობას, ურყევ ერთგულებასა და მონდომებას მოითხოვს, რათა დავიცვათ მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ხალხისთვის როგორც უკრაინაში, ასევე ევროპაში.
გასულ წელს, საქართველოს ლიდერებმა განაცხადეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება ევროპულ რეფორმებთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად წარადგინეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მათ ახლა ეფექტურად და ცალსახად უნდა აჩვენონ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროებში აუცილებელი რეფორმების განხორციელებით.
ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალს პოლიტიკურ მოვლენებს პარტნიორ ქვეყნებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ევროკავშირის პოტენციურ წევრებს წარმოადგენენ. ის ასევე მხარს უჭერს მათ დემოკრატიულ რეფორმებს.
ჩვენ, S&D ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით, ვინც იცავენ დემოკრატიას, მხარს უჭერენ დემოკრატიულ რეფორმებს და სურთ ევროპული მისწრაფებების რეალიზება. მხარს ვუჭერთ ქართველს ხალხს, რომელმაც გააპროტესტა რუსული სტილის კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“. ამგვარმა კანონმა უკვე დათრგუნა სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული აზრი რუსეთში. ასეთი კანონის ადგილი არაა ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.
მივესალმებით ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა მოუსმინა საკუთარ ხალხს და უარი თქვა კანონპროექტზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთობლივად იმუშაონ ევროკავშირთან დაკავშირებულ აუცილებელ რეფორმებზე, რათა საქართველომ შეასრულოს, რაც შეიძლება სწრაფად, ევროკომისიის და საბჭოს მიერ დადგენილი პირობები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის", - განაცხადა S&D-ის ვიცე-პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა საკითხებში პედრო მარკესმა.