logo
ENG



ქართული ოცნების რეჟიმი გრანტების კანონს ამკაცრებს, ამატებს 6-წლამდე პატიმრობას

28 იან 202620:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/28/1m315olamgor31i.jpg

ქართული ოცნების რეჟიმი გრანტების კანონს ამკაცრებს. ეს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ცვლილებები, რომელიც კანონში შეაქვთ.

ის ამტკიცებს, რომ ცვლილებები შეაქვთ "ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად".

ამასთან, რეჟიმი გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6-წლამდე პატიმრობას. 

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით: 

  • ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა - აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
  • კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფო იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
  • განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად - საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს, დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.
  • ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ, გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან და სხვა სახის დახმარების ფორმით - შესაბამისად, თუ უცხოური ძალა, ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.
  • თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება გრანტს, მათ შორის იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალის გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ჯარიმის სახით, უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
  • სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-წლამდე.
  • სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს, ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე ატივობის განხორციელების მიზნით - გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
  • კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონს - მიიღებს უცხოურ დაფინანსებას, ეს გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-წლამდე.

ქართული ოცნების რეჟიმის გადაწყვეტილებით, ასევე სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. 

  • კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივების განხორციელების სანაცვლოდ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-წლამდე

ირაკლი კირცხალიას თანახმად, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებები ხორციელდება, კერძოდ - კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი.

  • პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა რვა წლის განმავლობაში.პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე" ჩანაცვლდება ტერმინით "განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე", რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მისი ეფექტიანობის ზრდას.
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტზე. უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
  • ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარის ოდენობით.

close დახურვა