logo
ENG



ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება

16 იან 202112:28
3 წუთის საკითხავი
clock 1154

ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება. 

აქტივისტებმა, რომლებმაც 47-ე დღეა, პარლამენტთან საპროტესტო კარავი გაშალეს, ამბობენ, რომ სირცხვილია, როცა გავრილოვის ღამის შემოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება. 

მათივე თქმით, სანამ არ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, მმართველი გუნდის წარმომადგენლები "ყველგან იგრძნობენ დისკომფორტს". 

"ის ხალხი, ვინც წაგვართვა არჩევნები, სურვილი აქვს, მიიტაცოს სახელმწიფო და გააუქმოს დემოკრატიული პროცესები, დღეს იკრიბება ექსპოჯორჯიაში. ეს არის ფარსი. არავითარი კენჭისყრა არ იქნება, ყველაფერი ფორმალურია, კომუნისტური პარტიის ყრილობაა. ყველაფერი წინასწარ დადგმული და გადაწყვეტილია. ამიტომ ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოება, მათთან მივალთ, ჩვენს ხმას გავაგონებთ და ყველას ვაგრძნობინებთ, რომ არავის შერჩება გაყალბებული არჩევნები". - თქვა საზოგადოება 2020-ის დამფუძნებელმა, გიორგი მუმლაძემ. 

დღეს, 16 იანვარს, ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს წევრებს აირჩევენ.

თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.  

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს პარტია ქართულ ოცნებას და პოლიტიკიდანაც მიდის. 

ირაკლი კობახიძე IX მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

2019 წლის 20 ივნისს რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ​ანტისაოკუპაციო აქციის პირველი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 20 ივნისის აქცია ძალადობრივად დაშალა, კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. 

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს - მათ ვინაობას პარტიაში ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს წევრები, სხვებთან ერთად, ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ნაცვლიშვილი იქნებიან. პოლიტსაბჭოს წევრები ასევე იქნებიან თეა წულუკიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკატერინე ტიკარაძე, მამუკა მდინარაძე და სხვები, ჯამში 21 ადამიანი. 


close დახურვა