logo
ENG



ქარსელაძე მეწყერზე: მყისიერად მოხდა რეაგირება, მაშველები 2-წუთიან ინტერვალში იყვნენ ადგილზე

04 აგვ 202302:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/oyeagah5ocznbnq.jpg

ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან მყისიერად მოხდა რეაგირება და სამაშველო ჯგუფი "2-წუთიან ინტერვალში" იმყოფებოდა სტიქიის ზონაში.

ქარსელაძის აზრით, იმაზე ლაპარაკი, რომ "თითქოს, რაღაცამ დაიგვიანა" ზედმეტია.

"შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, 2-წუთიან ინტერვალზეა საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში, გარდა ამისა, შეგახსენებთ რომ 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ, თითქოს, რაღაცამ დაიგვიანა, ჩვენც ვისურვებდით, რომ საერთოდ წინასწარ გვცოდნოდა ეს ყველაფერი და საერთოდ არ მომხდარიყო საერთოდ, ყველაზე კარგი იქნებოდა" - განაცხადა ქარსელაძემ.

რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენს, რომელიც მეწყრის ჩამოწოლიდან დაახლოებით 3 საათში ჩავიდა შემთხვევის ადგილზე, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ვერტმფრენს გააჩნია "სამობილიზაციო პერიოდი" და "ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე".

მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, "ნუ შეეცდებიან მიზეზების გამოძებნას, როცა მაქსიმალური ძალისხმევით" მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

"მოდით, პირველ რიგში იმისკენ მოგიწოდებთ, რომ სიტუაცია ისედაც მძიმეა, ნუ შევეცდებით რაღაც მიზეზების მოძებნას...

ძალიან გთხოვთ, რომ მიზეზ-მიზეზ ნუ ვიქნებით, იმისთვის, რომ რაღაც მიზეზი ვიპოვოთ, როდესაც კეთდება აბსოლუტურად მაქსიმალური ძალისხმევა" - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

  • თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.

დღეს კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 

ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს და მათთან კონტაქტზე ვერ გადის. 

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და ხვალ დილიდან გაგრძელდება. 

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  

შსს-ის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-მ დაუდასტურა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში უსაფრთხო ლოკაციებზე 150-მდე ადამიანი მაშველებთან ერთად იმყოფება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ მათ შორის არიან ის ადამიანებიც, ვისაც ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ.

 

close დახურვა