logo
ENG



ქარტია: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ფორმულას საქმიანობაში

30 სექ 202117:32
3 წუთის საკითხავი
 
ქარტია: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ფორმულას საქმიანობაში

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა, შესაძლოა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდეს. 

მათივე აღნიშვნით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში.

არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუასაც.

7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.

პირველ ინსტანციის შემდეგ, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოიტანა.

იმ დროს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან და კიდევ ორმა მოსამართლემ - ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა განიხილეს ყოფილი მინისტრის საქმე.

ამ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო. 

დღეს ის ახალ სარჩელსაც გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, გაფლანგვის მსგავსი საქმე ბევრია და გამოძიება "ყველა ფაქტს გასცემს პასუხს".


close დახურვა