ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ TV პირველის ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე ძალადობის შემთხვევა. ამის შესახებ ქარტია განცხადებას ავრცელებს.
ქარტიას მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
დღეს TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ჟურნალისტს, ნატო გოგელიას თავს დაესხა ძალადობრივი აქციის მონაწილე, რომელმაც პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა. ტელევიზიის ცნობით, გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა - ანდღულაძემ ჟურნალისტს დაუმტვრია ტელეფონი და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საგამოძიებოში აცხადებენ, რომ სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებენ.
ძალადობრივი აქციიდან კადრების არსებობის მიუხედავად, შსს დროშის ჩამოგლეჯაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. დღეს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ "შესაბამისი რეაგირება" მაშინ იქნება, როცა ამ პირის იდენტიფიცირებას მოახდენენ.
თუმცა ძალადობრივი აქციიდან გავრცელებულ კადრებში დროშის ჩამოხევაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია - მათ შორის იყო ზურაბ მახარაძე, რომელმაც აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ დროშა თავად ჩამოხია.
გუშინ ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ერთი პოლიციელი იდგა. იმ სვეტთან კი სადაც დროშა ფრიალებდა, ხუთამდე პოლიციელი მოგვიანებით გაჩნდა.
ძალადობრივმა ჯგუფებმა მსვლელობა მოაწყვეს და როგორც ამბობდნენ, ზაჰესიდან მოდიოდნენ. ისინი აგრესიულ და მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ. რუსთაველის გამზირზე კი ქვები დაუშინეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა იყო გადმოფენილი.
პრორუსულმა დაჯგუფებებმა ევროკავშირის დროშა წარსულშიც ჩამოგლიჯეს. 2021 წლის 5 ივლისის მეორე დღეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს. 7 ივლისს კი დროშა მაშინდელმა სპიკერმა, კახა კუჭავამ აღმართა.
ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა.
პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშების დაზიანებისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.