საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, იმედის ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ ქარტიის ორი, მე-4 და მე-10 პრინციპები დაარღვია. ამის შესახებ ქარტიამ განცხადება გაავრცელა.
მე-4 პრინციპის თანახმად, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს, ხოლო მე-10 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.
განცხადების თანახმად, სიუჟეტში არ ჩანდა და არც შეპასუხებაში იყო არგუმენტაცია, თუ რატომ ვერ მოხერხდა რესპონდენტების ინფორმირება ჩაწერასთან დაკავშირებით. მათი თქმით, შეპასუხებაში მითითებული იყო, რომ ჟურნალისტმა იცოდა - არც ერთი რესპონდენტის იდენტიფიცირება არ მოხდებოდა გადაცემაში, თუმცა, მათი ამოცნობა მაინც შესაძლებელი იყო.
რაც შეეხება მეათე პრინციპის დარღვევას, საბჭო მიუთითებს, რომ სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი და არ ამართლებს პირად ცხოვრებაში შეჭრას.
იმედის ეთერში გასულ სიუჟეტს ქარტია მანამდე განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაყურებლის მხრიდან კრიტიკის მიზნით გამოთქმული თუნდაც აგრესიული კომენტარები, ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შეიძლება სულაც არ იყოს სიძულვილის ენა და ყველა კრიტიკული, შეურაცხმყოფელი და თუნდაც უცენზურო კომენტარის სიძულვილის ენად შეფასება დაუშვებელია. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ კრიტიკის გამო ადამიანების საჯაროდ შერცხვენა, მათთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მედიას სწორად არ ესმის საკუთარი მისია, საკუთარი მოვალეობა.
ქარტია აქვე აღნიშნავდა, რომ საბჭო არ მიიჩნევს ჟურნალისტის მხრიდან პროფესიულ დანაშაულად ნებისმიერი მოქალაქის პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვებას და მის გამოყენებას კომენტარის/ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუკი არსებობს საჯარო ინტერესი, თუმცა იქვე დასძენს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა.
ამასთან, ქარტიის საბჭო მიუთითებდა, რომ ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი არ ვრცელდება მედიაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა დაუშვებელია და შეიცავს მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის რისკებს.
28 ნოემბერს გადაცემა იმედის დღის წამყვანმა, მარიკა ბაკურაძემ ერთ-ერთ სიუჟეტზე დაწერილი კრიტიკული კომენტარების ავტორებს პირად მობილურებზე დაურეკა და პასუხი მოსთხოვა.
წამყვანს არ დაუკონკრეტებია, საიდან მოიპოვა მობილურის ნომრები და როცა ერთ-ერთი მოქალაქე ამით დაინტერესდა, ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.