ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განიხილა ალეკო ელისაშვილის საჩივარი ტვ პირველის და კავკასიის მიმართ და დაადგინა, რომ მედიას ჟურნალისტიკის პრინციპები არ დაურღვევია.
ალეკო ელისაშვილი დავობდა ტვ პირველის და კავკასიის ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებულ ე.წ ქარდებზე, რომლებზეც მისი ციტატა იყო დატანილი.
TV პირველის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ალექსანდრე ელისაშვილის ფოტოსურათი წარწერით: „როცა შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ რომ გესვრის და გაგაქრობს".
TV კავკასიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ალექსანდრე ელისაშვილის ფოტოსურათი წარწერით: "როცა შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ რომ გესვრის და გაგაქრობს - ელისაშვილი".
ფოტოს თან ერთვოდა აღწერა: "არგაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე". რასაც მოჰყვებოდა წარწერა "ვრცლად" და მითითებული იყო ბმული.
ალეკო ელისაშვილი მიიჩნევდა, რომ მისი ეს ფრაზა ამოგლეჯილი იყო კონტექსტიდან.
მისი განცხადებით:
"ამ ფრაზის უკონტექსტოდ, შესავლისა თუ გაგრძელების გარეშე მოჭრით, მოცემული დღის წესრიგის გათვალისწინებით, აღიქმება, რომ პოლიტიკოსი მხარს უჭერს უკრაინისადმი მკაფიო მხარდაჭერისგან თავის შეკავებას და ზოგადად აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მიმართ დამთმობი და შემგუებლური პოლიტიკის წარმოებას. სინამდვილეში, საპარლამენტო გამოსვლა, რომლიდანაც ამოიჭრა ფრაზა (და სრულებით შეიცვალა, შეტრიალდა პათოსი) კონტექსტში ჟღერდა ასე:
„არ გაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. ნამდვილად, როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში, და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, რადგან გესვრის და გაგაქრობს.
კი ბატონო, ფრთხილები უნდა ვიყოთ, თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, მაგრამ არის სიბეჩავე, სისაწყლე,
აი ეს რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთს არ ვახსენებთ, და ვითომ რაღაც არა ამქვეყნიური ძალების საფრთხის წინაშე დგას უკრაინა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისგან არის სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლენა. ძალიან გულს მწყვეტს სიმართლე გითხრათ, იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, რომ არაფერი არ შეიცვლება. გარდა იმისა, რომ უფრო ღირსეულად დავუჭერთ მხარს ჩვენს მეგობარ ქვეყანას, გარდა იმისა, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინას კიდევ უფრო ღირსეულად დავუჭერთ მხარს. იმ ქვეყანას, რომელიც 90-იან წლებში, საერთოდ რომ არ ევალებოდა, მოხალისეებით იბრძოდა აფხაზეთში. საერთოდ რომ არ ევალებოდა, ჭუბერში ჩარჩენილი ჩვენი მშიერი დევნილები გადმოიყვანა თბილისსა და ქუთაისში საკუთარი ხარჯით, საკუთარი რისკით. ომის დროს თბილისის თავზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები რომ დაფრინავდნენ, უკრაინის პრეზიდენტი აქ იდგა რუსთაველზე".
ქარტიის საბჭომ სხდომის მიმდინარეობისას ალექსანდრე ელისაშვილს ჰკითხა, თუ ის მიიჩნევდა, რომ მისი გამოსვლა მხოლოდ ერთიანად უნდა გაშუქებულიყო და არასწორი იყო არგაღიზიანების პოლიტიკის და რეზოლუციის ტექსტის შეფასების გამიჯვნა, ექნებოდა თუ არა მსგავსი რეაქცია [მაგალითად, ქარტიისათვის მომართვა], თუ მედია გამოაქვეყნებდა მხოლოდ მის სიტყვებს, რომ რეზოლუციის ტექსტი სიბეჩავე და სისაწყლეა. ამ კითხვაზე განმცხადებელმა უპასუხა, რომ იგივე რეაქცია არ ექნებოდა.
მხარეთა მოსმენის, მტკიცებულებათა და სადავო მასალების გაცნობის შემდეგ, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ TV პირველს და TV კავკასიას არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი [ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია].
ქარტიის საბჭო აცხადებს:
"ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკოსია. მან საკუთარი მოსაზრება წარმოთქვა საპარლამენტო ტრიბუნიდან. სრულიად შესაძლებელი და ლოგიკურია, რომ პოლიტიკოსი, ერთსა და იმავე გამოსვლაში შეეხოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. გამოსვლის პირველი ნაწილიდან ჩანს, რომ იგი თავდაპირველად აფიქსირებს თავის პოზიციას არგაღიზიანების პოლიტიკაზე: „არგაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე“, შემდეგ უკვე ხსნის, რა არის მისთვის არგაღიზიანების პოლიტიკა: „როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, რადგან გესვრის და გაგაქრობს".
მხოლოდ შემდეგ იწყებს რეზოლუციის ტექსტის შეფასებას: „მაგრამ არის სიბეჩავე, სისაწყლე, აი, ეს რეზოლუციის ტექსტი“.
გამოსვლის ტექსტში არსად არის პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება, რომ არგაღიზიანების პოლიტიკის მიმართ ალექსანდრე ელისაშვილის დამოკიდებულება სხვაგვარია და მხოლოდ ამ მომენტში ფიქრობს ასე, ვინაიდან, რეზოლუციის ტექსტზე საუბრობს. აქვე აღსანიშნავია, რომ სხდომის მიმდინარეობისას, როგორც საბჭოს წევრების, ისე მოპასუხე ჟურნალისტის მხრიდან დასმულ კითხვას, თუ რას ნიშნავს ალექსანდრე ელისაშვილისათვის "არგაღიზიანების პოლიტიკა", მან ცალსახა პასუხს თავი აარიდა.
ალექსანდრე ელისაშვილის გამოსვლიდან აუდიტორიამ, ამომრჩეველმა გაიგო მისი ორი შეფასება: 1. არ გაღიზიანების პოლიტიკაზე 2. რეზოლუციის ტექსტზე. შესაბამისად, მედიასაშუალებას არ დაურღვევია ეთიკური პრინციპები, როცა აუდიტორიას მიაწოდა პოლიტიკოსის მოსაზრება, თუ რას ნიშნავს „არგაღიზიანების პოლიტიკა“, როგორც დამოუკიდებელი ამბავი".
ალეკო ელისაშვილი ასევე დავობდა ქარტიის მე-5და მე-11 პრინციპებით.
ქარტიის მე-5 პრინციპი: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
ქარტიის მე-11 პრინციპი: ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტია მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ორივე პრინციპის დარღვევაზე მსჯელობის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია, შესაბამისად, გამორიცხა მე-5 და მე-11 პრინციპების დარღვევაც.
აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ ქარტიის წინააღმდეგ ფორმულასაც მიმართა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ტყუილია - ის მხოლოდ ტვ პირველის და კავკასიის წინააღმდეგ დავობდა. ალეკო ელისაშვილს ფეისბუქზე არ გამოუქვეყნებია საწინააღმდეგო შინაარსის ინფორმაცია.