თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი დასრულდა. მას რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ქაცარავას თქმით, ორივე მოწმე პოლიციელის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავია, ხოლო სამხრე კამერები არცერთს ჩართული არ ჰქონდა. ის ფიქრობს, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა, რომლის მიზანია მასზე ზეწოლა მოახდინოს, დააშინოს და ბრძოლაზე უარი ათქმევინოს.
"დასრულდა დღევანდელი სასამართლო, სადაც მასამართლებენ 2 მუხლით, 166/1 და 173/1, პოლიციის დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა. როგორც ვვარაუდობდი და ეს ვარაუდი არაერთხელ გავაჟღერე კიდეც, მოწმეებად მოიყვანეს 2 პოლიციელი, რომლებსაც როგორც აღმოჩნდა და როგორც ვივარაუდე, სამხრე კამერები არ ჰქონდათ ჩართული და შესაბამისად, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ", - წერს ქაცარავა.
ქაცარავას თქმით, მას პოლიციელების მიმართ არც შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოუყენებია.
"ჩემი მიდგომა სამართალდამცავებთან ყოველთვის იყო კორექტული. როცა მანქანაში შემათრიეს და მცემდნენ, 3-ჯერ განხორციელდა სპეცრაზმელების მხრიდან ცემის ფაქტი, რასაც მიღებდნენ. იქაც კი მივამართავდი და ვუსვამდი კითხვას, რატომ მცემდნენ ასე უმოწყალოდ. იქაც არ ყოფილა შეურაცხმყოფელი სიტყვები. ერთი სიტყვაც კი არ იყო შეურაცხმყოფელი ჩემს მიმართვაში", - განაცხადა ქაცარავამ.
პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე დავით ქაცარავა 14 მაისს დააკავა. მოგვიანებით, გავრცელდა დავით ქაცარავას ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ის სასტიკად იყო ნაცემი.
პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეში ქაცარავას დაზარალებულის სტატუსი აქვს.