ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან ციხელაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.
„მინდა ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილს გადავუხადო მადლობა გაწეული შრომისთვის. თითქმის 4 წელია უკვე ის მოღვაწეობს საქართველოს მთავრობაში. მას უკავშირდება ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა, როგორიც არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც არის სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენს საოკუპაციო ხაზს ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის შევქმნათ ნორმალური პირობები და აღვადგინოთ სამოქალაქო ხიდები სხვადასხვა მიმართულებით. ამაში ქალბატონ ქეთევანს დიდი წვლილი მიუძღვის. ის გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე და დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია და ცოდნა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმაოს ევროპის მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური მიღწევები. რაც შეეხება თუ ვინ შეცვლის მას ამ თანამდებობაზე, ამაზე მოგვიანებით ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.