გერმანიამ საერთაშორისო მგზავრობაზე აკრძალვა 14 ივნისამდე გაახანგრძლივა. გაფრთხილება, რომლის ვადაც 3 მაისს იწურებოდა, ქვეყნის საგარეო უწყებამ კორონავირუსის პანდემიის საფრთხის კვლავ არსებობის გამო გააგრძელა. ქვეყნები ახალ რეალობასთან მორგებას ცდილობენ და მკაცრ ზომებს ეტაპობრივად მაინც აუქმებენ. დღეს მედიის წინაშე ბორის ჯონსონის გამოჩენასაც ელოდნენ, თუმცა ბრიტანეთის პრემიერის დღის წესრიგი შვილის შეძენის გამო შეიცვალა. შეერთებულ შტატებში კი პანდემიას უკვე იმაზე მეტი ამერიკელი ემსხვერპლა, ვიდრე ვიეტნამის ომს.
კოვიდ 19-ით დაავადებულთა რიცხვი შეერთებულ შტატებში მილიონს გადაცდა. კორონავირუსის პანდემიის დროს ამერიკა ყველაზე მეტად დაზარალდა. ამ ქვეყანაში, როგორც დაავადებულების, ასევე გარდაცვლილების რიცხვიც ყველაზე მეტია და ის თითქმის 60 ათასს უახლოვდება. შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა ვაშინგტონში მომავალ კვირას არ დაბრუნდება. უმრავლესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა და სპიკერმა ნენსი პელოსიმ ეს გადაწყვეტილება კონგრესის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. სენატმა კი სხდომა 4 მაისს უნდა განაახლოს.
კორონავირუსის ეპიდემიის სამართავად, შეერთებული შტატები ნატოელი მოკავშირე თურქეთისგან უკვე მეორე დახმარებას იღებს. ანკარიდან წამოსული თურქული სამხედრო თვითმფრინავი ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე დაეშვა. ბორტზე სამედიცინო და დამცავი აღჭურვილობაა. თურქული დახმარება ვაშინგტონში, საკმაოდ მნიშვნელოვან დროს ჩავიდა, ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებში. ვაშინგტონს და ანკარას შორის ურთიერთობები საკმაოდ გართულებული იყო თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემების შეძენის შემდეგ. კორონავირუსის პანდემიის დროს, ამერიკის გარდა თურქეთი კიდევ 54 ქვეყანას დაეხმარა.
გამოჯანმრთელების შემდეგ დღეს პრესკონფერენციაზე ელოდნენ ბრიტანეთის პრემიერს, თუმცა ბორის ჯონსონის ნაცვლად ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მდივანი მივიდა. ჯონსონი დღეს მამა გახდა. მისმა საცოლემ ლონდონში იმშობიარა.
ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ესპანეთის პრემიერმა დღეს კორონავირუსთან დაკავშირებული პოლიტიკის ჩავარდნების გამო, პასუხისმგებლობა აიღო. პედრო სანჩესმა პარლამენტს უთხრა, რომ პირველ რიგში ის არის პასუხისმგებელი ზოგიერთ საკითხში დაშვებული მთავრობის შეცდომების გამო. მთავრობა შეზღუდვების მოხსნის ოთხსაფეხურიან გეგმას განიხილავს, რასაც ოპოზიცია აკრიტიკებს და ითხოვს, პროცესი რეგიონულმა მთავრობებმა წარმართონ.
კორონავირუსიის პანდემიის გამო უმძიმეს ფინანსურ პრობლემებს განიცდის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია ლუფთჰანზა, რომელიც ამ დრომდე ცდილობს მოლაპარაკებას გერმანიის მთავრობასთან, დახმარების პაკეტზე. მოლაპარაკების პროცესში, ლუფთჰანზამ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს კრედიტორებისგან დაცვაზე 3 თვით, ვიდრე ფინანსების და მენეჯმენტის რესტრუქტურიზაციას მოახდენს. ლუფთჰანზა, რომლის ჯგუფში ევროუინგსი, სვისი, ავსტრიის და ბრიუსელის ავიხაზები შედის, მოლაპარაკებებს სახელმწიფო დახმარებაზე ავსტრიის მთავრობასთანაც აწარმოებს. სებასტიან კურცმა თქვა, რომ უპირობო დახმარება არ იქნება და ავსტრიის ინტერესებს დაიცავენ. ამ დროისთვის, ლუფთჰანზას, გასულ წელთან შედარებით მგზავრთა მხოლოდ 1% გადაჰყავს. ავიაკომპანიის ფლოტის დიდი ნაწილი მიწაზე დგას.