ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურთან და გარშემომდებარე ორ სოფელში ცოფის ვირუსის გავრცელების გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა. ვირუსის გავრცელების მიზეზი სოფლის მცხოვრებთა შინაურ საქონელზე გარეული ტურების თავდასხმა გახდა.
ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფლის მცხოვრებთა შინაური ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია დაიწყო. თავად სოფლის მცხოვრებლებს კი კარანტინის გამო შინაური ცხოველების გარეთ გაშვება ეკრძალებათ, რაც ადგილობრივებისთვის ეკონომიკურ გამოწვევებს ქმნის. მათ უმრავლესობას საქონლის საბალახოდ გაშვების შესაძლებლობაც აღარ აქვს.
კარანტინში მოქცეული სამივე სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი მოთხოვნა, მათ შორის, გარეულ მტაცებლებთან გამკლავებაში დახმარებაა.
ქობულეთის მერიამ ვირუსის გავრცელებიდან ერთი კვირის თავზე მონადირეთა ჯგუფთან ხელშეკრულება გააფორმა. დაქირავებულ მონადირეებს გარეული ტურებისა და მგლების ლიკვიდაცია და მათგან სოფლის მოსახლეობის და მათი საქონლის დაცვა დაევალათ.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ქობულეთის სოფლებში ცოფის ვირუსის ადამიანებში გავრცელების შემთხვევა არ გამოუვლენიათ.