logo
ENG



ქრთამის აღებასა და თაღლითობის მცდელობაზე სატრანსპორტო კომპანიის 4 თანამშრომელი დააკავეს

02 თებ 202213:27
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ  ფულად თანხას.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.

"ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს", - აცხადებენ სუს-ში.

რამდენიმე საათით ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა კორუფციის თემა და თანამშრომლები გააფრთხილა, არ დაუშვან კორუფცია, რადგან "ყველაფერს კარგად ხედავს" და ამაზე რეაგირება ექნება.

"გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია, რათა არაკანონიერება არავინ დაუშვას. თქვენ იცით, რომ ჩემი მხრიდან ყოველთვის გაქვთ თანადგომა. თუ რაიმე საჭიროებაა, პირადი დახმარებაა, მაქსიმალურად მზად ვარ, გვერდით დაგიგდეთ, ხელი შეგიწყოთ, მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნებით ძალიან პრინციპულები", - თქვა კალაძემ. 


close დახურვა