ქუთაისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.
პროცესი ჯერჯერობით არ ჩანიშნულა, დაკავებულები ჯერაც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
6 აქტივისტი, მათ შორის, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი მუმლაძე ქუთაისის მერიასთან მაშინ დააკავეს, როცა ისინი კორუფციულ ფაქტებს აპროტესტებდნენ.
მათი თქმით, იმერეთის გუბერნატორმა ოფიციალურ სტუმრებს სახლში ბიუჯეტის ხარჯზე უმასპინძლა, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი კი, შეზღუდვების მიუხედავად, რესტორანში იყო.
"ლეგიტიმური კითხვების პასუხად მივიღეთ ძალადობა. ძალიან მარტივი კითხვები გვქონდა - რატომ ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს იმისთვის, რომ საკუთარ სახლში სტუმრებს უმასპინძლონ, მოაწყონ ღრეობები, ჩკეტვის დროს გააღონ რესტორნები". - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
"დილიდან ვართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მანამდე ვიყავით კაპეზესთან, სადაც მთელი ღამე ჩვენი მეგობრები ყავდათ მოთავსებული. გვითხრეს, დისტანციურად ჩატარდება სასამართლო პროცესიო, მაგრამ მაინც მოვედით აქ. ვნახეთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც, სავარაუდოდ, მოიტანეს საქმის მასალები. აქ ვიქნებით მანამ, სანამ არ გაათავისუფლებენ ჩვენს მეგობრებს". - თქვა სხვამ.