საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123%-ით გაიზარდა. მათი ინფორმაციით, ივლისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 189 166 მგზავრმა ისარგებლა.
"მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში 267 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 94% გაიზარდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ივლისში 517 რეისს მოემსახურა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, აეროპორტების გაერთიანება მიუთითებს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა არის 7 თვის ჭრილშიც - იანვარი-ივლისის პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 856 646 მგზავრს მოემსახურა, რაც, 2019 წლის პერიოდს 90%-ით აღემატება.
"ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა 7 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2590 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 76 %-ით მეტია. 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა", - ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში.
მათივე განცხადებით, 2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს, ხოლო რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.