logo
ENG



ქუთელია: კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით

19 ნოე 201916:47
3 წუთის საკითხავი
 
jz41wztdueb0q90.png

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებსა და პოლიტიკურ რეიტინგებს, ექსპერტული წრეები აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტი ადეკვატურად ასახავს ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში. 

როგორც „ფორმულას" ანალიტიკოსმა ვანო მაჭავარიანმა განუცხადა, კვლევის მიხედვით, საზოგადოებაში ცვლილების მზაობაა.

„საქართველოს მოსახლეობამ აირჩია ქართული ოცნება იმისთვის, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია იქნებოდა უკეთესი, მაგრამ 7 წლის მერე არანაირი ცვლილება არ არის, არის გაუარესება. საზოგადოებრივი კვლევები ამას ძალიან კარგად ასახავს. მოლოდინი არის ის, რომ ოცნებას არ აქვს პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა და არის მზაობა ცვლილებების. ცხადია, ცვლილებას ეწინააღმდეგება ივანიშვილი, მათ შორის იმითაც, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა ჩააგდო და ცდილობს, რომ ყველანაირ კვლევას შეხედოს არასერიოზულად," - აცხადებს მაჭავარიანი.

ანალიტიკოსს ბათუ ქუთელიას კი მიაჩნია, რომ კვლევა ქვეყნის არასწორი განვითარების გზით მიდის.

„გამოკითხულთა უმრავლესობა ვერ ასახელებს ჯანდაცვის რეფორმის გარდა რაიმე მიღწევას ხელისუფლების. როცა კომპეტენტურობაზეა საუბარი, გამოკითხულთა უმრავლესობაში "ქართული ოცნების" მთავრობა არაკომპეტენტურად გამოიყურება. ეს ყველაფერი ასახავს იმას, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით," - განუცხადა „ფორმულას" ქუთელიამ.

შეგახსენებთ, რომ წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. 

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადების დღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით. 

 


close დახურვა