საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია სენატორ ვიკერის წერილს ეხმაურება. აღნიშნულზე ბათუ ქუთელიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ისაუბრა.
მისი თქმით, კონგრესმენების მწვავე კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის იმის შედეგი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლელი პარტნიორების ვერ ან არ შეისმინა.
„სენატორი ვიკერი, რომელმაც ძალიან მკაცრი წერილი გამოუგზავნა [ხელისუფლებას], არის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე. გარდა ამისა, არის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრიც. აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს აღქმა საქართველოს დინამიკის, დემოკრატიულობის კუთხით არის საერთო ტრანსატლანტიკურ სივრცეში ბევრი კომპონენტის გათვალისწინებით. ეს წერილები არის პიკი იმისა, როდესაც ქართულმა პოლიტიკურმა ესთაბლიშმენთმა არ ან ვერ გაიგო და შეისმინა ის რასაც ეუბნებოდნენ. საჯაროობამდე გზავნილები ხდება არაფორმალურად. როდესაც ამ გზავნილის სწორად გაგება არ ხდება, შემდეგ უკვე მოხდა საჯაროდ გაჟღერება. საჯაროდ გაჟღერებას აქვს ორი ამოცანა - ერთი რეალური მმართველი ვინც არის, იმან გაიგოს, რომ პრობლემებია და მეორე - ეს გზავნილი არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც. საგარეო პოლიტიკას ახასიათებს ე.წ. წყლისპირის პოლიტიკა, შიგნით შეიძლება დემოკრატები და რესპუბლიკელები იბრძოდნენ ერთამანეთთან, მაგრამ როდესაც მიდის ქვეყნის საგარეო პოლიტიკამდე იქ ყველაფერი მიდის ორპარტიულ კონსენსუსამდე. კონგრესმენები ვინც წერილი მოიწერა, მათ შორის სენატორი ვიკერი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო განმტკიცებული მხარდაჭერა და ამ ადამიანებს, როდესაც იმყოფებოდნენ თბილისში და მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის, ჩასულები არ იყვნენ ვაშინგტონში, უკან მიაწიეს, რომ მოგატყუეთო. ის რაზეც თავი შევიქეთ და რაზეც ამერიკელებმაც შეგვაქეს - პროპორციული არჩევნები, ერთი ხელის მოსმით გააუქმეს. ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც არ აპატიებს არავინ. ერთადერთი რამაც შეიძლება გამოასწოროს სიტუაცია, არის ის რომ დააბრუნონ ის დაპირება თავის ადგილას“,-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გამოაქვეყნა, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, კონგრესმენის წერილში საუბარია მმართველი გუნდის ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.