logo
ENG



ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა

12 აგვ 202312:11
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობის ადმინისტრაცია

გუშინ ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა.

შოვში კლდოვანი მასა ჩამოიშალა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ღამით ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტეს მაშველებმა, თავდაცვის ძალებმა და ტექნიკამ.

დილით კი რეგიონის რწმუნებულის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მხრიდან ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამუშაოები გაგრძელდა.

პარმენ მარგველიძე - სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირად თან ახლავს იმ მასშტაბის სტიქიებს, რაც შოვში 3 აგვისტოს განვითარდა.

მისი თქმით, დილით ქვათაცვენა აღარ დაფიქსირებულა და შესაბამისად სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა ძალებმა და ტექნიკამ ტერიტორიაზე მუშაობა გააგრძელა.

"გუშინ გვიან ღამით მდინარე ბუბას კალაპოტში დაფიქსირდა ქვათაცვენის ფაქტი. ეს, როგორც სპეციალისტები ამბობენ დამახასიათებელია ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდეგ. ვინაიდან ღამით ცუდი ხილვადობა იყო, მოხდა სამუშაოების შეჩერება დილამდე. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვერტმფრენითა და დრონებით დათვალიერებული იქნა ეს ხეობა და მნიშვნელოვან ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია" - განაცხადა პარმენ მარგველიძემ.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 ადამიანი კვლავ იძებნება. 


close დახურვა