logo
ENG



ღარიბაშვილი: 14 წელია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

08 აგვ 202201:04
3 წუთის საკითხავი
clock 2099
ღარიბაშვილი: 14 წელია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთი 14 წელია, ოკუპირებულია. 

ის 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას გამოეხმაურა. ომი 7 აგვისტოს დაიწყო, თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლება მას, რუსული ნარატივების შესაბამისად, 8 აგვისტოს აღნიშნავს. 

ამასთან, აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა. სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა - 29 წლის წინ, ხოლო ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულმა ძალებმა "დამოუკიდებლობა" 1990 წელს გამოაცხადეს, რასაც სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა. 1992 წლიდან (სოჭის ხელშეკრულება) რეგიონში განთავსდა "მშვიდობისმყოფელთა" შერეული ძალები. 2008 წლის ომის შემდეგ რეგიონს მთლიანად რუსეთის ხელისუფლება აკონტროლებს. 

პრემიერმინისტრი წერს: 

"14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ.

ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება". 

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. 

სწორედ 2008 წლის 7 აგვისტოს დილით რუსეთის რეგულარულმა არასამშვიდობო სამხედრო ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით და შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, 7 აგვისტოა საქართველოში ომის დაწყების თარიღი. 

რუსეთის მტკიცებას, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო, აქვს პოლიტიკური მიზანი. ამით რუსეთი აცხადებს, რომ თითქოს მისი თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მხოლოდ მას მერე, რაც თბილისმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში. 


close დახურვა